შაბათი, 23 აპრილი. დღეს შეხვედრებისგან თავისუფალი დღე გვაქვს.

დილიდან გამოიდარა და წავედით გრანდ ავენიუზე, არქიტექტურულ ტურზე, რომლის ბილეთები ასევე, სახელმწიფო დეპარტამენტმა მოგვაწოდა. Shoreline Architectural Boat Tour 60 წუთიანი არქიტექტურული კრუიზია მდინარეზე გემით, რომელიც ქალაქს ჩიკაგოს კვეთს. ადგილზე ბილეთი 29$ ღირდა. 200 კაცზე გათვლილი გემი ორსართულიანია, ამიტომ ზედა ბორტის სკამებზე ჩამოვსხედით.
არაჩვეულებრივი სანახაობა იყო. ამინდიც ხელს გვიწყობდა. გავცურეთ მდინარეზე სარკინიგზო მაგისტალების და გასახსნელი ხიდების ქვეშ.

ჩიკაგო ცნობილია თავისი არქიტექტურით. მსოფლიოში პირველი ცათამბჯენი სწორედ აქ აღიმართა 1833 წელს, და მსოფლიოს 16 ცათამბჯენიდან ოთხი ჩიკაგოშია. იგი ამაყობს მე-20 საუკუნის ცნობილი არქიტექტორების ნამუშევრებით: ფრენკ ლოიდ რაიტის, ლუის სულივანის, გერმანელი არქიტექტორი ლუდვიგ მის ვან დერ როეს. ჩიკაგოს ცენტრი მართლაც შთამბეჭდავი აღმოჩნდა.

გემზე ტურის შემდეგ შევიძინეთ ბილეთები სამოგზაურო ავტობუსზე და ამჯერად უკვე ხმელეთიდან, ავტობუსის ზედა მეორე სართულიდან, ქალაქის მნიშვნელოვანი ნაგებობები დავათვალიერეთ.


ვნახეთ ჯეი პრიცკერის პავილიონი – საუცხოო საკონცერტო დარბაზი მილენიუმის პარკში და უცნაური სკულპტურა შერქმეულ სახელად “ლობიო”. ეს ბრიტანელი მოქანდაკის, წარმოშობით ინდოელი (ბომბეი) ანიშ კაპურის ცნობილი ქმნილებაა და მისი ნამდვილი სახელწოდება “კლაუდ გეიტი” (ღრუბელთა კარიბჭე) გახლავთ.”ლობიოს” მარცვლის პრიალა ზედაპირი ირეკლავს ირგვლივ არსებულ სამყაროს, ცათამბჯენებს.

ყველაფერი ჯერ კიდევ წინ იყო.
მილენიუმის პარკიდან ფეხით ვიარეთ უილისის ცათამბჯენამდე (ყოფილი სიარსის ცათამბჯენი). Willis (Sears) Tower დღესდღეობით ყველაზე მაღალი შენობაა აშშ-ში. გადავწყვიტეთ ავსულიყავით და ბილეთის Skydeck შესაძენად რიგში დავდექით მანანა, ბესო, დიანა და მე. რიგში 2 საათი ვიდექით, 15 წუთი შენობის შესასვლელში და დანარჩენი შენობის ქვემოთ სარდაფში, სადაც ლიფტით ჩაგვიყვანეს. ქვემოთ მოწესრიგებული, გრძელი რიგი დაგვხვდა, პოლიციელებით, კედლებზე საინფორმაციო დაფებით და მონიტორებით, სადაც შენობის ისტორია ციფრებში იყო გამოსახული. მაგალითად, ის, რომ შენობაში 92 000 ტუალეტია. ავიღეთ ბილეთები და ისევ რიგში ჩაგვაყენეს. ეს უკვე ლიფტის რიგია. გზად 10 წუთიანი ფილმი გვიჩვენეს მინი კინოთეატრში, ჩიკაგოს ისტორიაზე და თუ როგორ შენდებოდა სიარსი. ბოლოს შეგვიშვეს უზარმაზარ ლიფტში, რომელსაც რატომღაც ეწერა, ადამიანების გადასაყვანად არაა განკუთვნილიო (ალბათ როცა ხალხი მატულობს, ამ ლიფტს ადამიანებისთვისაც იყენებენ). ცოტა არასასიამოვნო შეგრძნება იყო. 99-ე სართულზე ავედით 2 წუთში. შემდეგ, გადაგვსვეს მეორე ლიფტზე და აგვიყვანეს 103 სართულზე. ოთხივე მხრიდან ულამაზესი სანახაობა გადაგვეშალა.
უზარმაზარი ფანჯრებიდან ჩიკაგო, როგორც იტყვიან, ხელის გულივით ჩანდა. იყო ბევრი ტურისტი, ზოგი სუვენირს ყიდულობდა, ზოგი ჭოგრიტით იყურებოდა, ფოტოებს იღებდა. დავდექი შუშის იატაკიან აივანზე. ჩემს ფეხებქვეშ, წერტილივით მოჩანდა ტრანსპორტი, სადღაც შორს.
დაახლოებით ერთი საათი ვიყავით 103 -ე სართულზე. ჩამოსვლისას 10 წუთი ისევ რიგში ვიდექით. ამჯერად, ისეთ ლიფტში შეგვიყვანეს, რომელიც ადამიანებისთვისაა განკუთვნილი და ტელევიზორის მონიტორი შესასვლელ კარზეა მიმაგრებული. 2 წუთში ქვემოთ ვიყავით და ლიფტიდან პირდაპირ სუვენირების მაღაზიაში ამოვყავით თავი.
სასტუმროში ტაქსით წამოვედით და სასტუმროს წინ მდებარე რესტორან Mario’s-ში შევედით. გეახელით სალათს Caprése 7$, პასტას 17 $ და ერთი ჭიქა წითელი ღვინოს 10$. პასტაში მუხუდოს მარცვლები იყო და არ მომეწონა.
10 საათისთვის სასტუმროში ვიყავით. ნახევარი საათი შევისვენეთ და ჩვენმა მძღოლმა წაგვიყვანა სააღდგომო ლიტანიობაზე მართლმადიდებლურ, რუსულ, წმინდა სამების საკათედრო ტაძარში (Holy Trinity Cathedral 1121 North Leavitt Street – დიზაინი არქიტექტორ ლუის სულევანის). ტაძარში 4-5 კაცი იყო მისული, მესანთლესთან აბრაზე ეწერა, რომ სანთლები დაანთეთ ლიტურგიის შემდეგო, გაგვიკვირდა და სანთელი არ ვიყიდეთ. ერთი საათი დავესწარით, ღვთისმსახურება და ქალ-ვაჟთა გუნდის გალობა ინგლისურ ენაზე მიდმდინარეობდა და არაფერი არ მესმოდა. მრევლი გაკვირვებული გვიყურებდა, ლიტანიობა დაიწყო და გარეთ გამოვედით. ერთ საათში წამოვედით და მიკროავტობუსის მძღოლმა წაგვიყვანა ღამის ჩიკაგოს დასათვალიერებლად.
გავჩერდით მიჩიგანის ტბის სანაპიროზე, რომლის ზედაპირზე ღამის ლამპიონები და შენობები ირეკლებოდა.

სახლში ღამის პირველ საათზე ვიყავით. დილით რალიში მივფრინავთ.